ნახატის ისტორია
ამ გოგონამ, შესაძლოა, ახლახან მშობელი დაკარგა. ახლა კი შეხედეთ, რას აკეთებს მის უკან მდგომი მამაკაცი. მაგრამ ამ ნახატში არის კიდევ ერთი ადამიანი, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ.
შავებში ჩაცმული მგზავრი
1874 წელია. მატარებლის მესამე კლასის ვაგონში ახალგაზრდა გოგონა ზის. დააკვირდით მის ტანსაცმელს: ყველაფერი შავია, მოსასხამი, კაბა, ხელთათმანები, თავსაკრავიც კი. იმდროინდელი წესით, ასე გლოვის დროს იმოსებოდნენ.
როცა ბერთოლდ ვოლცეს ნახატი ბერლინის გამოფენაზე პირველად აჩვენეს, კრიტიკოსები წერდნენ: გოგონა დაობლებულია და ახლა, სრულიად მარტო, უცხო ქალაქში სამუშაოდ მიემგზავრება. შესაძლოა, უკან დატოვა სახლი, სადაც მთელი ბავშვობა გაატარა, წინ კი უცნობი ქალაქი და გაურკვეველი მომავალი ელოდება. ლოყაზე ცრემლი ჩამოსდის.
კავალერი
მაგრამ ტირილი ყველაზე მძიმე დეტალი არ არის. მეზობელი კუპედან, ხის ტიხარზე მამაკაცი გადმოხრილა. კოხტად გამოწყობილა: პენსნე, წითელი ბაფთა, ბეჭედი, ხელში სიგარა. იღიმის და გოგონასთან საუბარს ცდილობს. გოგონა მას არც კი უყურებს.
აქ ერთი უცნაური წინააღმდეგობაა. შავი ტანსაცმლით გოგონა მთელ სამყაროს თავის ტკივილს უჩვენებს, მამაკაცი კი ისე იქცევა, თითქოს ვერაფერს ამჩნევს. სწორედ ამიტომ ჰქვია ნახატს დღეს „შემაწუხებელი კავალერი“. ეს სახელი 2011 წლის აუქციონიდან მოდის.
„მტრულ ცხოვრებაში“
თავდაპირველად ნახატს „მტრულ ცხოვრებაში“ ერქვა. ეს სიტყვები შილერის ცნობილი ლექსიდანაა: კაცი უნდა გავიდეს მტრულ ცხოვრებაში, ქალის ადგილი კი სახლშია. ვოლცემ კი ამ გზაზე ახალგაზრდა გოგონა გაუშვა, და ეს სათაური სრულიად ცვლის ჩვენს წარმოდგენას.
შესაძლოა, მხატვარი უზრდელ მამაკაცზე კი არა, ადამიანზე გვიყვებოდა, რომელიც პირველად აღმოჩნდა სამყაროში, სადაც მას აღარავინ იცავს. კრიტიკოსები მაშინაც დაობდნენ. ერთმა ეს კაცი „საზიზღარ ადამიანად“ მოიხსენია. მეორემ დაწერა: იქნებ ცუდი არაფერი უნდოდა.
მესამე მგზავრი
ვაგონის სიღრმეში კიდევ ერთი მგზავრი ჩანს. თვალები დაუხრია. არ ვიცით, რას ხედავს ან რას ფიქრობს. ერთი რამ კი ჩანს: ის არ ერევა.
რამდენჯერ გვინახავს ავტობუსში, მეტროში თუ ქუჩაში ადამიანი, რომელსაც ვიღაც აშკარად უხერხულ მდგომარეობაში აყენებს? ზოგჯერ გვსურს ჩავერიოთ, მაგრამ ვფიქრობთ: იქნებ არასწორად გავიგე? იქნებ ჩემი საქმე არ არის?
მხატვარმა გოგონა ისე დახატა, რომ ის პირდაპირ ჩვენ გვიყურებს. და უცებ ვხვდებით: ჩვენც ამ ვაგონში ვსხედვართ. იქნებ ამ ნახატის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი საერთოდ არ არის დახატული. ეს ჩვენ ვართ.
ორიგინალი, 57 × 75 სმ, კერძო კოლექციაში ინახება.
