ნახატის ისტორია
„თუ ბრმას ბრმა მიჰყავს, ორთავენი ორმოში ჩავარდებიან.“ ეს იესო ქრისტეს იგავია მათეს სახარებიდან. 1568 წელს პიტერ ბრეიგელმა ეს იგავი ნახატად აქცია.
ექვსი უსინათლო
ექვსი უსინათლო მამაკაცი ერთმანეთს მიჰყვება. თითოეულს, როგორც ჩანს, სჯერა, რომ წინ მიმავალმა გზა იცის. წინამძღოლი უკვე ჩავარდა თხრილში: ზურგზე წევს, გვერდით საკრავი უგდია. მეორე მასზე ეცემა, მესამე კი უკვე კარგავს წონასწორობას. დანარჩენებს ჯერ არ უგრძნიათ კატასტროფა, თუმცა მათი ვარდნაც გარდაუვალია.
დააკვირდით: მამაკაცებს თავები მაღლა აქვთ აწეული. მუზეუმის განმარტებით, ასე ისინი სმენას ეყრდნობიან.
სახეები და ნიშნები
ბრეიგელი რეალიზმით იყო ცნობილი. ოფთალმოლოგები ამ სახეებზე სხვადასხვა დაავადებისა და დაზიანების ნიშნებს ამოიცნობენ: ერთს თვალები ამოღებული აქვს, მეორეს რქოვანა აქვს შემღვრეული, მესამეს თვალის კაკალი აქვს დაპატარავებული.
რწმენის ნიშნებიც თან აქვთ: ერთს ქამარზე მოწყალების ჯამთან ერთად კრიალოსანი ჰკიდია, მეორეს მკერდზე ჯვარი. ფონზე კი სოფლის ეკლესია ჩანს. ეს ნამდვილი ეკლესიაა ბრიუსელის მახლობლად და დღესაც დგას. ერთი ინტერპრეტაციით, ის ხსნის შესაძლებლობას განასახიერებს, რომელსაც უსინათლოები გვერდს უვლიან. გზა ხომ წინამძღოლმა იცის.
სისხლიანი წელი
1568 წელი ნიდერლანდების ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ხანას ეკუთვნის. ერთი წლით ადრე ესპანეთის მეფე ფილიპე მეორემ აქ სასტიკი სარდალი, ჰერცოგი ალბა, გამოგზავნა. ალბამ შექმნა სასამართლო, რომელსაც ხალხმა „სისხლიანი საბჭო“ უწოდა. ბრიუსელში, სადაც ბრეიგელი ცხოვრობდა, სიკვდილით დასაჯეს ნიდერლანდელი დიდებულები, ეგმონტი და ჰორნი. ხელისუფლების წინააღმდეგ ღია გამოსვლა შეიძლება სიცოცხლის ფასად დამჯდარიყო.
ამ ფონზე ნახატი პოლიტიკურ გაფრთხილებადაც შეიძლება წავიკითხოთ: რა ემართება ხალხს, როცა ის წინამძღოლს უპირობოდ ენდობა.
„ბრმების იგავი“ ბრეიგელის ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარია: ის 1569 წელს გარდაიცვალა. ბიოგრაფ ვან მანდერის ცნობით, სიცოცხლის ბოლოს მეუღლეს სთხოვა, დაეწვა ზოგიერთი ჩანახატი მწარე, სატირული წარწერებით. შესაძლოა, მათ შექმნას ნანობდა, ან ეშინოდა, რომ მათ გამო ცოლს საფრთხე შეექმნებოდა.
ბრმები პარიზში
თითქმის სამი საუკუნის შემდეგ შარლ ბოდლერმა დაწერა ლექსი „ბრმები“, რომელსაც ხშირად ამ ნახატს უკავშირებენ. ბოდლერთან ბრმები პარიზის ქუჩებში დადიან და ისევ ცისკენ იყურებიან, თითქოს სინათლეს ეძებენ. ქალაქი ირგვლივ მღერის, იცინის და ერთობა, პოეტი კი საკუთარ თავში იმავე სიბრმავეს ხედავს:
„მეც ძლივს მივათრევ ფეხს, მათზე უფრო გაბრუებული, და ვამბობ: რას ეძებენ ცაში ეს ბრმები?“
თითქმის ხუთი საუკუნე გავიდა. მწკრივი არსად წასულა, უბრალოდ, ჯოხის ნაცვლად ახლა ტელეფონი გვიჭირავს.
ორიგინალი, 154 × 86 სმ, ნეაპოლში, კაპოდიმონტეს მუზეუმში ინახება.
