ნახატის ისტორია
ბოსხის სამყაროში ყველაზე შემზარავი ის კი არ არის, რომ ჯოჯოხეთი არსებობს. ყველაზე შემზარავი ისაა, რომ ადამიანები მისკენ მიმავალ გზაზე სრულიად ბედნიერები ჩანან.
ბაღი, სადაც არავინ ტირის
ეს ნახატი ნიდერლანდელმა მხატვარმა, იერონიმუს ბოსხმა, დაახლოებით 1490–1510 წლებში შექმნა. დღეს მას „ტკბობის ბაღს“ ვუწოდებთ.
დააკვირდით: აქ არავინ ტირის. არავინ გარბის. არავინ ეძებს ხსნას. პირიქით, ადამიანები ერთობიან, ერთმანეთს ეფერებიან, უცნაურ არსებებთან თამაშობენ და არაფერზე დარდობენ. უზარმაზარი ფრინველები მათ ხილით უმასპინძლდებიან. კენკრა აქ ზოგჯერ ადამიანზე დიდია, თევზები ხმელეთზე წვანან, ადამიანები კი ზღაპრულ არსებებზე დაფრინავენ. აქ ბუნების კანონები აღარ მოქმედებს.
წრე, მინის სფერო და დაბზარული შადრევანი
ნახატის შუაგულში აუზია, სადაც მხოლოდ ქალები არიან. მათ გარშემო კი მამაკაცები ცხენებსა და ზღაპრულ ცხოველებზე ამხედრებულნი წრეზე მოძრაობენ: მიდიან, მიდიან და ისევ იმავე ადგილას ბრუნდებიან. იქნებ ბოსხი ჩვენს სურვილებზე გვესაუბრება? რაღაცას მივდევთ, მივაღწევთ და მაშინვე რაღაც ახალი მოგვინდება.
ქვემოთ ორი შეყვარებული გამჭვირვალე სფეროშია მოქცეული. ისინი მხოლოდ ერთმანეთს ხედავენ. მაგრამ რატომ შექმნა მხატვარმა მათი პატარა სამყარო მინისგან, რომელსაც ერთი ბზარიც კი დაამსხვრევს? ცოტა მოშორებით ადამიანები უზარმაზარ მარწყვს მიირთმევენ. ხილი სიამოვნების სიმბოლოა, მაგრამ რაც უნდა ტკბილი იყოს, ადრე თუ გვიან ფუჭდება.
ბაღის შუაში შადრევანი დგას, შორიდან ზღაპრულ სასახლეს ჰგავს. მაგრამ კარგად დააკვირდით: ის დაბზარულია. ბედნიერების ამ სამყაროში რაღაც უკვე იშლება, და ამას ვერავინ ამჩნევს.
სამოთხიდან ჯოჯოხეთამდე
ეს ბაღი გაცილებით დიდი ნაწარმოების მხოლოდ შუა ნაწილია. მარცხნივ სამოთხეა: ღმერთი ადამს ევას წარუდგენს, ყველაფერი ჯერ მხოლოდ იწყება.
მარჯვნივ კი ჯოჯოხეთია. მხიარულება აღარ ისმის. ზღაპრული ნაგებობების ნაცვლად ცეცხლმოკიდებული ქალაქებია, მუსიკალური ინსტრუმენტები კი, რომლებიც სიხარულს უნდა ანიჭებდეს, ტანჯვის იარაღად ქცეულა. ერთ ცოდვილს უკანალზე ნოტებიც კი აქვს: 2014 წელს ერთმა სტუდენტმა ეს მელოდია გაშიფრა.
სამოთხე თუ ხაფანგი?
ბევრი ხელოვნებათმცოდნე ფიქრობს, რომ ეს გაფრთხილებაა. ბაღის ადამიანები ბოროტები არ არიან, უბრალოდ დღევანდელი დღით ისე არიან გატაცებული, რომ მომავალს ვეღარ ხედავენ.
მაგრამ არსებობს სხვა მოსაზრებაც. ამ ბაღში არც ბავშვები არიან და არც მოხუცები, ბიბლიის მიხედვით კი ადამსა და ევას შვილები სამოთხიდან გაძევების შემდეგ შეეძინათ. ამიტომ ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს სამყაროა, სადაც ადამიანი არასოდეს დაცემულა. და თუ ასეა, ის, რასაც თავშეუკავებლობად მივიჩნევთ, შესაძლოა, უბრალოდ თავისუფლება იყოს.
იქნებ ბოსხის გენიალურობაც სწორედ ესაა. ხუთ საუკუნეზე მეტია, ვერ შევთანხმებულვართ: ბედნიერ ადამიანებს ვხედავთ, თუ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ უბედურებას ვერ ამჩნევენ?
ორიგინალი, 384,9 × 205,5 სმ, მადრიდში, პრადოს მუზეუმში ინახება.
