ნახატის ისტორია
1559 წელს პიტერ ბრეიგელმა თითქმის 200 ადამიანი ერთ ნახატში მოაქცია. და თუ კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ აქ თითქმის ყველა თავის როლს თამაშობს.
კარნავალი და მარხვა
ეს კაცი ლუდის კასრზე ზის, როგორც ცხენზე. თავზე ღვეზელი ახურავს, ხელში კი შამფური უჭირავს, ღორის თავითა და ძეხვებით. ეს თავად კარნავალია, ქეიფისა და დროსტარების წინამძღოლი.
მის პირდაპირ გამხდარი ქალი ზის. იარაღად პურის ნიჩაბი უჭირავს, ზედ ორი ქაშაყით. მის ურიკას ბერი და მონაზონი მიათრევენ. ეს მარხვაა, თავშეკავების განსახიერება.
ერთი ამბობს: ცხოვრება მოკლეა, დატკბი! მეორე პასუხობს: სურვილებს თუ ვერ აკონტროლებ, საკუთარ თავს დაკარგავ. და ორივე დარწმუნებულია, რომ მართალია.
ეკლესიასთან
ეკლესიიდან ღარიბები გვერდითა კარიდან გამოდიან და სკამებიც თავად მოაქვთ. მდიდრები კი მთავარი შესასვლელიდან გამოდიან. გარეთ მათ მათხოვრები ელოდებიან. ზოგი მართლა გაჭირვებულია. ერთი ქალი კი მომლოცველს ჰგავს: ზურგზე კალათი აქვს, კალათში კი მაიმუნი ზის. ბრეიგელის დროს ეს თვალთმაქცობის ნიშანი იყო: სხვისი გულმოწყალება ზოგისთვის შემოსავალია.
ნახატის ცენტრს დააკვირდით: აქ ხუმარა ჩანს, ჩირაღდნით. დღეა, სინათლეა, ჩირაღდანი კი მაინც ანთია. და ორი ადამიანი სწორედ მას მიჰყვება. ქალს წელზე ფარანიც ჰკიდია, ჩამქრალი. რატომ? იქნებ იმიტომ, რომ ზოგჯერ სულერთია, ვინ მიგვიძღვება, ოღონდ თავად არ მოგვიწიოს ფიქრი.
წაშლილი ადამიანები
საუკუნეების შემდეგ ნახატი რენტგენითა და ინფრაწითელი სხივებით შეისწავლეს, და საღებავის ქვეშ დამალული ადამიანები აღმოჩნდნენ. ერთი ურიკა ცარიელი არ ყოფილა: მასში მიცვალებული იწვა. თეთრი ზეწრის ქვეშ კიდევ ერთი გვამი იყო. ეკლესიის კართან კი ავადმყოფი ბავშვები იწვნენ.
ისინი ბრეიგელს არ წაუშლია. ვიღაცამ მოგვიანებით, სავარაუდოდ მე-17 ან მე-18 საუკუნეში, ზემოდან გადაღება. შესაძლოა, მიიჩნია, რომ ეს მეტისმეტად მძიმე სანახავი იყო.
უცნაურად თანამედროვე
და აი, აქ ბრეიგელის ნახატი უცნაურად თანამედროვე ხდება. ერთ მხარეს ადამიანები ერთობიან. მეორე მხარეს საკუთარ მორალურ უპირატესობაში არიან დარწმუნებული. ზოგი სხვებს ასწავლის, როგორ იცხოვრონ, ზოგი კი იმაზე ფიქრობს, როგორ მიიღოს მეტი. ყველაზე გაჭირვებულები კი უბრალოდ წაშალეს, და საუკუნეების განმავლობაში ეს თითქმის არავის შეუმჩნევია.
მას შემდეგ თითქმის ხუთი საუკუნე გავიდა. საზოგადოება მართლა შეიცვალა, თუ უბრალოდ ტანსაცმელი და დეკორაციები გამოვიცვალეთ?
ორიგინალი, 164,5 × 118 სმ, ვენაში, ხელოვნების ისტორიის მუზეუმში ინახება.
