ნახატის ისტორია
თუ გგონიათ, რომ თქვენი ბავშვობა ქაოსი იყო, ამ ნახატს შეხედეთ. ეს პიტერ ბრეიგელის „ბავშვების თამაშებია“, 1560 წელი. აქ 230-ზე მეტი ბავშვია და 83 სხვადასხვა თამაში.
ქალაქი ბავშვებს დარჩათ
თითქოს მთელი ქალაქი ბავშვებს დარჩათ. ქალაქის მთავარი შენობაც კი მათ დაიკავეს. პირველ შეხედვაზე ეს უბრალოდ მხიარული არეულობაა, მაგრამ დააკვირდით დეტალებს.
მარცხნივ გოგონები თოჯინებით თამაშობენ. იქვე სათამაშო „წირვაც“ გაუმართავთ, პაწაწინა ჯვრებით და სასანთლეებით. ცოტა ზემოთ, ფანჯარაში, ბავშვებს ნიღბები გაუკეთებიათ. ერთი ბიჭი თიხის ჩიბუხით ბუშტებს უშვებს, სხვები კი ღობეზე ისე სხედან, თითქოს ცხენზე ჯირითობდნენ.
ქორწილი ცენტრში
ზუსტად ნახატის ცენტრში ბავშვები ქორწილს თამაშობენ. პატარა პატარძალს თავზე გვირგვინი ადგას.
ირგვლივ ვიღაც ყირაზე დგას, ბავშვები ძელზე თავდაყირა კიდიან, სხვები კი რგოლებს აგორებენ ისეთი სერიოზული სახით, თითქოს ოლიმპიადის ფინალია. ვიღაცას მეგობარი ზურგზე შემოსკუპებია. ერთი გოგონა ერთდროულად სალამურს უკრავს და დოლს აბრახუნებს, მის გვერდით კი ვიღაც ჯოხით ნაკელს ურევს: ბავშვობა ყოველთვის ესთეტიკური არ არის. სხვა ღორის ბუშტს ბერავს. მაშინ ბურთი ასე კეთდებოდა.
და ყველა ისეთი გატაცებულია, თითქოს ეს თამაში კი არა, მათი ცხოვრების მთავარი საქმეა.
ცოტა სისასტიკეც
მარჯვნივ თამაში უკვე ველურდება. ექვსი ბიჭი ამხანაგს, ხელ-ფეხით დაჭერილს, უკანალით ძელზე ახეთქებს: ასე სჯიდნენ დამარცხებულს. იქვე ვიღაცას თმას აწიწკნიან.
ბრეიგელი ბავშვობას არ ალამაზებს. აქ არის სიხარული, ხმაური, სისულელე და ცოტა სისასტიკეც. ის ყველაფერს ზემოდან გვაჩვენებს, თითქოს ქალაქის რუკას ვუყურებთ. მაგრამ ეს ქუჩების რუკა კი არა, ბავშვობის რუკაა.
ვიზრდებით, თუ თამაშებს ვიცვლით?
ვენის მუზეუმი, სადაც ნახატი ინახება, მას თამაშების ენციკლოპედიას უწოდებს, დარიგების გარეშე. მაგრამ 1530 წელს ანტვერპენში დაბეჭდილ ერთ ლექსში კაცობრიობა ბავშვებს ედარება, რომლებიც სულელურ თამაშებში არიან ჩაფლულნი.
დააკვირდით: ბავშვები დიდებს ბაძავენ. ქორწილს თამაშობენ, წირვას, ვაჭრობასაც კი: ქვედა მარჯვენა კუთხეში სასწორიც ჩანს. იქნებ ბრეიგელი გვეუბნება, რომ დიდებიც ზუსტად ასე ვცხოვრობთ: ვჩხუბობთ, ვეჯიბრებით, სერიოზულ სახეს ვიღებთ. მაშ, ვიზრდებით, თუ უბრალოდ თამაშებს ვიცვლით?
ორიგინალი, 161 × 118 სმ, ვენაში, ხელოვნების ისტორიის მუზეუმში ინახება.
